მერაბ ფირცხალაიშვილი

მწერალი და კომპოზიტორი

ახალი ნამუშევრები

მტერი მომადგა კარზედა…

მტერი მომადგა კარზედა,
ერთ დროს ბოროტი, ავსული.
მითხრა მშია და მწყურია,
გთხოვ დაივიწყო წარსული…
იგი ჩემს კართან მოსული
ყარიბი, როგორც მწირიო,
ჩემგან წყალობას მოელის,
უტირის ბაგე-პირიო…
როცა ამ დღეში იქნება,
ყველა ადამის შვილია,
გული მომილბეს სიტყვებმა
ვაჟას, აკაკის, ილიას.
ამას გვეტყოდა მთხრობელი,
სტუმარს პატივი ეციო.
თუ შენდობას გთხოვს,
მხმობელი…
წყალობით მოექეციო.
-მერ’ფი-

არწივი ზეცას აწვდა და…

არწივი ზეცას აწვდა და
ეს დედა, მიწა, დატოვა.
რად მიგვატოვე არწივო,
სუსხმა ცრემლები გვათოვა…
შენი ხმა ომახიანი,
გულ-სისხლ-ძარღვს აადუღებდა,
ისე გვიხმობდა ფხიანი,
ქვას ქვაზედ დაადუღებდა!
არწივი ვნახე დაჭრილი,
სიკვდილ სიცოცხლეს ზვაობდა,
ისე წავიდა იმ ქვეყნად,
რომ დედამიწა დაობლდა!
ნეტა რას გვერჩის სოფელი,
შენთან რაღასა დაობდა!..
… შენთანა რაღას დაობდა.
შენთანა რასა დაობდა…
-მერ’ფი-
P.S.
ეძღვნება თემურ წიკლაურის ხსოვნას

დღეს დასამარდა ოცნება…

დღეს დასამარდა ოცნება,
მშვიდი ცხოვრების იმედი…
ნუთუ ვერ ვხვდებით ქიშპობით,
ისევ სადამდე მივედით?!.
როცა არ გესმის ხმა ერის,
სამშობლოსათვის ძნელია…
დღეს საქართველოს დაქცევის,
ეეჰ,.. მერამდენე წელია?!.
-მერ’ფი-
23.02.2021
P.S.
23 თებერვალი. იუნკერთა ხსოვნის დღე

არც წვიმს, არც თოვს არც დარია …

არც წვიმს, არც თოვს არც დარია.,
არც მზე ჩანს და არც ქარია.
მალე ძველ წელს გავაცილებთ,
წინ ჯერ მთელი ზამთარია.
ბავშვებს თოვლი უხარიათ,
დიდებს შეშა, ბუხრის ალი.
ბეღელს სავსე დოვლათი და
წლის სამყოფი მოსავალი.
ასე გავა ძველი წელი,
უშფოთველი, ბედნიერი,
ქვეყნად არსად მეგულება
ქართველების დარი ერი …
არც წვიმს, არც თოვს, არც ქარია.
მერე რა რომ ზამთარია?!..
-მერ’ფი-

ოდესღაც – ახლა!..

ოდესღაც, ჩვენში, უსაზღვრო,
და უსაზღვრებოდ, იყო დედამიწა.
არ არსებობდა ჩემი და შენი.
მერე რაც მოხდა, ზუსტად ვინ იცის,
რომ შეიცვალა ადამის გენი…
სამოთხის ვაშლმა, მვნებელ ხეხილმა,
წარმოშვა შიში, შიში დაცინვის ანუ სირცხვილი.
წარმოშვა შიში , შიში არ ქონის,
უიმედობა, მასთან სიხარბეც…
შიშმა წალეკა სიცოცხლის ძალა,
დაუახლვა ადამი სიკვდილს.
გაჩნდა საზღვარი.
ედემის გარეთ აღმოჩნდა ყველა,
მოდგმა ადამის, ოდითგან დღემდე…
წუთისოფელი მიითვლის წუთებს
და საზღვრებს ვქმნით და
ერთმანეთს ვიცავთ ერთმანეთისგან!
არ შეგვიძლია უსაზღვროდ ყოფა…
დავნაწილდით და
დავპატარავდით ერთობის გარეთ,
გაჰყვა ერთობა უსაზღვრო სივრცეს,
და გადაიქცა დედამიწა შიშის სამყაროდ!
შიში რომ არა წავგლეჯდით ერთურთს,
რადგან არსებობს ჩემი და შენი.
მეტრკვადრატებში გადავზომეთ სივრცე
და ფასი რომელსაც ვიხდით ცალცალკე,
მაგრამ სუყველა ერთად,
ეს არის ის დრო რაც შენ დახარჯე,
მაგრამ არ იცი რამდენი დაგრჩა…
და ჰკითხე შენს თავს, არ ისურვებდი ,
ამ შიშის ნაცვლად,
რომ კვლავ სიყვარულს ემეფა ქვეყნად?!.
-მერ’ფი-

არ მოგწონს? შეცვალე…

არ მოგწონს? შეცვალე,
შეცვალე მშვიდობით.
​თავს თუ მოიკლავ
​ვინ შეცვლის ყოფას,
​რომლის გამოც დღეს
სიცოცხლე არ გინდა!
​სიკვდილი არ არის
​პროტესტი , რომელიც
​სიკეთეს მოგვიტანს.
​შენთან ერთად ხომ,
​შენი სამყაროც ჩაკვდება
ეული!..
იცოცხლე იმისთვის,
​რომ სხვებიც აცოცხლო,
ნამდვილი გმირები
​ამისთვის თავს დებენ
​და ბრძოლის ველზე
​ეგებებიან მტრის ტყვიას
სხეულით.
გასაქანს უსპობენ,
გზას უღობავენ,
​რომ სხვებმა იცოცხლოს,
​და დაიფარონ
სუსტი და სნეული.
რომ ​გაძლიერდნენ და
მერე მათაც მიეცეთ შანსი
სამყარო დაცვის
ბოროტებისგან!
​ცხოვრება რა არის,
თუ არა ბრძოლის გზა,
გზა გასავლელი
სინათლის მეომრის!..
ნუ გახვალ ბნელ მხარეს!!!
​ -მერ’ფი-

ყვარელს უხდება თეთრი ნაბადი…

ყვარელს უხდება თეთრი ნაბადი,
ნაბადი მოსავს კუდიგორის გორს.
​დურუჯის შავი ქვიშის საბადოს,
მარგალიტებად ფიფქები ათოვს.
დოლოჭოპიდან ვაზოვანისკენ,
​თეთრ საბურველში ჩაეფლო მთები.
თითქოს სიბერე დაიტყო ხევმა.
​ტყემ დაიმშვენა ჭაღარა თმები.
​ზეცამ ღრუბლები გადაიყარა,
​და მზე გამოჩნდა მიწის მყვარელი.
​ასე სპეტაკი და ასე კოხტა,
ბევრჯერ გვენახოს, ღმერთო, ყვარელი!
-მერ’ფი-

სიზმარში ვნახე ხეები…

სიზმარში ვნახე ხეები,
ოხრად რჩებოდა, ხმებოდა.
ვიღაც ჭამდა და ოხრავდა,
​სიმაძღრეს ვეღარ ხვდებოდა.
ხმობდა მშიერი, მოთქვამდა,
ლუკმა პური არ ხვდებოდა…
გამომეღვიძა, ვიხარე,
ეს ხომ სიზმრში ხდებოდა…
-მერ’ფი-

ისევ ლანჩხუთი, ისევ „გურია“

ისევ ლანჩხუთი, ისევ „გურია“
ისევ დიდების თასი გვწყურია!
კაცთა ფეხბურთი ისვენებს როცა,
ქალთა ფეხბურთი – საამურია!
მსოფლიომ ისევ გაიგოს ჩვენზე,
ლანჩხუთი სპორტის საგანძურია…
ჩვენი ლელო და დიდი ფეხბურთი,
ისევ ლანჩხუთი, ისევ გურია!..
-მერ’ფი-

ხშირად გვინახავს ფუტკარიც…

ხშირად გვინახავს ფუტკარიც
ფეკალიებზე ჯდებოდა.
ფუტკრის „სიწმინდის“ ამბავი
ხალხში როგორღა ჩნდებოდა?!
მთავარი ალბათ ის არის
თავში რას იტყვის მთავარი!
– მერ’ფი –