ბიოგრაფია

მცირე ავტობიოგრაფიული შტრიხები:

მე, მერაბ (-მერ’ფი-) ფირცხალაიშვილი დავიბადე 1969 წლის 23 ივნისს ქალაქ ბათუმში. მამაჩემი შორეული ზღვაოსნობის მეორე რანგის კაპიტნი, მთავარი ელექტრო ინჟინერი გახლდათ. დედაჩემი ოპერატორი. ასე რომ, ადრეული ბავშვობიდან ვეზიარე ზღვაოსნობას. ის კი არა და, ერთხელ, თურმე, ჩემს გამო გემი პორტში დააბრუნეს, საიდანაც სასწრაფოდ გადამიყვანეს ბავშთა ჰოსპიტალში, მწვავე ვირუსული ინფექციით.

20 საუკუნის 70-იან წლებში საცხოვრებლად გადავედით ქალაქ ლანჩხუთში, მამაჩემის მამის სახლში, ოჯახში, ვინაიდან მამაჩემს ხშირად ხანგძლივ საზღვაო მივლინებებში უწევდა ყოფნა და ჩვენი მარტო დარჩენა…

ბაბუაჩემი ცნობილი პიროვნება იყო სამედიცინო წრეებში. როგორც გადმოცემით ვიცი, მეორე მსოფლიო ომის დროს მედიკო-სანიტარული ბატალიონს ხელმძღვანელობდა და უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, როგორც ომის ისე მშვიდობიან პერიოდში, მათ შორის ცნობილი გენერალი კონსტანტინე ლესელიძეც ყოფილა.

ბავშვობიდან ექიმად მზრდიდნენ, მაგრამ ჩემი მისწრაფება უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებისკენ და ხელოვნებისკენ იყო მიმართული. ვსწავლობდი ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთის საშუალო სკოლაში, VII კლასიდან სწავლა განვაგრძე  თბილისში, „კომაროვის სკოლაში“ და საშუალო განათლება დავასრულე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სკოლაში, საკომპოზიციო განხრით.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას: მაქვს პროდიუსერის კვალიფიკაცია ხელოვნების მენეჯერთა უმაღლესი სასწავლებლიდან და საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ბიზნესის ეკონომისტის, თბილისის ვ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. სწავლა სიბერემდეო და დღემდე სხვადასხვა სერთიფიკატი და კურსი გავიარე, მათ შორის საერთაშორისო მნიშვნელობის. დისტანციურად ვსწავლობდი ქ. ადელაიდას (ავსტრალია) უნივერსიტეტის კონსერვატორიუმში , მუსიკალური ტექნოლოგიების განხრით…

„მეტამორფოზი“, ჩემი პირველი ელექტრონული წიგნი, განთავსებულია „საბა“-ს ელექტრონული წიგნების გვერდზე და დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ სულ რაღაც 3 ლარად, რითაც ძალიან წაადგებით ჩემს შემოქმედებას.
-მერ’ფი-