კავკასიონი…

მთები დაგრეხილი, მთაგრეხილი,
​ცამდე აგრეხილი მთათა სიონი.
ჭიუხთა ფერდებზე ჯიხვთა რქაგრეხილი,
​რითმებს აყოლილი ბორგავს რიონი.
ქვაბულში ამირანი, პრომეთედ წოდებული,
გულში დალის მღვიმე, ხევებზე შემდგარი.
​მითი არგონავტთა სამყაროს მოდებული
და ციხე აიეტის დევებზე ზე მდგარი.
ხვამლის საიდუმლო, ზეცას კიდებული,
ველებს მოდებული საუფლო სურნელი.
ოქროს საწმისი და ​მედეა, დიდებული,
ჰეკატეს ქურუმი თუ სნეულთა მკურნელი.
მთებში ზღაპრად თქმული იმერ-ამიერი,
ბერთა სავანე და მთიების სიონი.
ხმებში განდობილი მრავალჟამიერი…
დღემდე რომ ინახავს კავკასიონი!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-